მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ხელახალი არჩევნები | ოპოზიცია შეხვედრაზე

პუბლიკა

დღეს, 14 ნოემბერს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების II რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიისთვის კომენტარები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბარქაძე აღნიშნავს, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ.

ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით, სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველით კიდევ ახალ შეხვედრას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება.

„მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.