მოლაპარაკების მთავარი წინაპირობაა, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს – თალაკვაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის მთავარი წინაპირობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაა.

„დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ – „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ – პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოაქვეყნა.

ჩვენ ვთქვით არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც, რომ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს. დროა, ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს.

ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვითანამშრომლოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როგორ მოვახდინოთ ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. მზად ვართ ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებისა და დისკუსიისთვის, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს პარლამენტში პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რასაც ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების წინაპირობად ასახელებენ.

ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკება კრიზისიდან გამოსვლის მისაღები გზაა, თუმცა აცხადებენ, რომ არ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან ისე, თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბდა.

არჩილ თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შედის თუ არა მოლაპარაკების დაწყების პროცესი ჩიხში იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარეს თავისი წინაპირობა აქვს.

„ჩვენ არანაირ პირობას არ ვაყენებთ. ეს პირობა არ არის. ეს არის ჩატარებული არჩევნები, გეთაყვა, რომელსაც პატივი უნდა სცეს ყველამ. ჩვენი პირობა კი არ არის, რომ არჩევნები ჩატარდა, არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით, შესაბამისად, მისი აღიარება არის ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის აღიარება, წინაპირობები აქ არ არის. ეს არჩევნები აღიარა საზოგადოებამ. შეგახსენებთ, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ პანდემიის პირობებში მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკურ პარტიებს უთხრა, ჩამოაყალიბეთ პლურალისტური პარლამენტი იმ თანაფარდობით, რა შედეგიც არის დადებული, შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ. „ქართული ოცნება“ პატივს სცემს საზოგადოების არჩევანს და ენმ იმ ამომრჩეველს, ვინც მათ ხმა მისცა, ეუბნება, რომ არ გვაინტერესებს, რა გადაწყვიტეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და არჩევნებში თუ არ გავიმარჯვეთ, ვერ იქნება ის დემოკრატიულიო. თვითონ ეს პრეზუმფცია უკვე არის აბსურდული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.