„მოლაპარაკებების პროცესი პირველი წუთიდანვე მთლიანად არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ თვითონაც ვერ ყალიბდებიან ბოლო-ბოლო რა არის მათი მოთხოვნა“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მოთხოვნებსა და სურვილებზე უნდა ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. სუბარი ამბობს, რომ თუ ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, ამის დასამტკიცებლად საუკეთესო გზა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაა.
„კარგად გვახსოვს, როცა რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა გათქვა მათი შიდა, ასე ვთქვათ, საიდუმლო, რომ მათ არ უნდოდათ მოლაპარაკებები. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე დიდ პარტიაზე, რომ მათთვის მოლაპარაკებები იყო უბრალოდ საბაბი, თორემ სინამდვილეში ყველა მოთხოვნა რომც შესრულებულიყო, მაინც არ აპირებდნენ შემოსვლას, მაგრამ დღესაც კი, მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი დრო გავიდა ამ პერიოდიდან, ზუსტად იმავე მდგომარეობაში არიან. გამოვა ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები. გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ვინც ამას ამბობს, ის არის მოღალატე, რომ ამას ვინც ამბობს, ეს არის „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილის თავსმოხვეული აზრი.
ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა რა არის, რასაც ისინი ითხოვენ, რა უნდათ. თუ ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე, უკეთესი შეთავაზება, ვიდრე საგამოძიებო კომისიაა, არ არსებობს, და ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.