მოლაპარაკების პროცესის დაწყების შემდეგ შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება

პუბლიკა

მოლაპარაკების პროცესის დაწყების შემდეგ შუქრუთელები პარლამენტთან შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება,- ამის შესახებ „პუბლიკას“ გიორგი ნეფარიძემ უთხრა.

დღეს მოშიმშილეებთან დეპუტატი რატი იონათამიშვილი მივიდა და კომპანიასთან მოდერატორობა შესთავაზა, რის შემდგომაც შედგა შეხვედრა, კომპანიის, მოშიმშილეებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

„შიმშილობის 43-ე და უწყვეტი აქციის მეშვიდე თვეს როგორც იქნა სახელმწიფოს წარმომადგენელი მოვიდა, ჩაერთო ამ პროცესებში და ჩვენ შეხვედრაზე მივიღეთ დაპირება და გარანტიები, რომ სანამ სამართლიან ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერება, მანამდე ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე არ განაახლებს კომპანია სამუშაოებს, მადნის მოპოვების პროცესს. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიჭების ამ მდგომარეობიდან გამოდმინარე შეწყვიტონ შიმშილობა, გადავიდნენ საავადმყოფოში, გაიარონ რეაბილიტაცია. შემდგომი შეხვედრა ჩაინიშნა სამშაბათს და სამშაბათის შეხვედრის შემდგომ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება“- ამბობს გიორგი ნეფარაძე.

მისივე თქმით, შეხვედრისას გამოითქვა მზაობა, რომ „ერთხელ და საბოლოოდ ეს პროცესი გადაიჭრას სამართლებრივად და გაფორმდეს სამარათლიანი ხელშეკრულება.“

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეწყდება შიმშილობა, მაგრამ არ შეწყდება პროტესტი.

მომდევნო შეხვედრა სამსაბათს, 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ამ შეხვედრაზე მეტი დეტალი გახდება ცხადი. რის შემდგომაც შუქრუთელები მიიღებენ გადაწყვეტილებას გაგრძელდება უწყვეტი საპროტეტსო აქცია თუ შეწყდება.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 32 დღეა, შიმშილობს.

ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.