მოლაპარაკების საგანი უცვლელია | ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დაგეგმილი აქციების შესახებ ისაუბრა.

უკვე ცნობილია, რომ 14 ნოემბერს, შაბათს, 15:00-ზე დაგეგმილია რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქცია. უგულავამ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

ასევე, გიგი უგულავას ინფორმაციით, კიდევ ერთი აქცია იგეგმება 17 ან 18 ნოემბერს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ინფორმაციით, ეს აქცია იქნება როგორც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დახვედრაც.

„აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება. აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირ შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან. იქნება სტიკერები დაკრული სოციალური დისტანციისთვის. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ,  დააწებონ [სტიკერი], დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მდუმარე ფორმა ამ ერთი მესიჯით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ აქცია არაა დაკავშირებული მაიკ პომპეოსთან შეხვედრის მოთხოვნასთან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მმართველ გუნდთან დიალოგის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დიალოგისთვის ყველა პარტია მზადაა და ამ დიალოგის თემა უცვლელია:

„დიალოგისთვის მზადყოფნა ყველა პარტიამ გამოთქვა. დიალოგის თემა იქნება გაყალბებული არჩევნები, ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისფლება და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, რადგან ამ ადმინისტრაციით არანაირ ახალ არჩევნებს აზრი არ აქვს. თუ ამაზე არის თანხმობა, რომ ვისაუბროთ, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – თქვა უგულავამ.