საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ოპოზიციის აქციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველანაირ გზას კეტავს, რათა მოლაპარაკება არ შედგეს. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკება არ ნიშნავს ულტიმატუმებს.
„მოლაპარაკებისკენ მისასვლელ გზას ყველანაირად კეტავენ. იქ გამოდის „ლელოს წარმომადგენელი, იქ ბურჯანაძე გამოდის, გუშინ გავრილოვს ბოდიშებს უხდიდა, ანუ ფასეულობები ამ ხალხს არ გააჩნია ისეთი მყარი და ერთიანი გარდა იმისა, როგორმე მოლაპარაკებისკენ მიმავალი გზა ჩაჭრან.
მთლიანობაში, სიტუაცია რომ დავხატოთ და წარმოვიდგინოთ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ – სააკაშვილი, მეორე მხარეს ჰყავს მელია ციხეში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას აქცევს. როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ, ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები. ეს არის რეალობა.
ახლა ამ რეალობიდან გამომდინარე, რას ვაპირებთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, იქნება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ქართველი ამომრჩევლებისგან იმ მხარეზე, რომელიც ფიქრობს, რომ მოლაპარაკება არის ულტიმატუმის შესრულება. ქართული საზოგადოება დაიღალა, ამოვიდა ყელში… საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ სტაბილურობა” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუს დროს.
ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა დღეს 1 საათზე ფილარმონიის შენობიდან დაიწყო. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა და ამ დრომდე მიმდინარეობს. პარლამენტთან გაშლილია კარვებიც.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას საერთო მოქმედების გეგმა და მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას. მათი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.