მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 7 მარტს ხელი მოაწერა საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, გაფრთხილებით, რომ რუსეთი განაახლებს მცდელობებს მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინს უკრაინაში ვერ შეაჩერებენ.
თავდაცვის შეთანხმება ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს მომავალი წვრთნებისთვის, რეგულარული დიალოგისა და ცოდნის გაზიარებისთვის.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მისია ზაფხულში გაიხსნება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რათა შეძლოს საჭიროების შეფასება და დაიწყოს მოლაპარაკებები შესაძლო იარაღის კონტრაქტებზე.
მაია სანდუს ვიზიტი პარიზში, რომელიც ასევე უკავშირდება ეკონომიკური საგზაო რუქის ხელმოწერას, მოხდა იმის ფონზე, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ გააძლიერონ პოსტ საბჭოთა ქვეყნების შესაძლებლობები რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების მოსალოდნელი საშიშროებებიდან გამომდინარე.
„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას, ფრონტის ხაზი კი ჩვენთან უფრო და უფრო ახლოს მოვა, ამიტომ ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვას, რომელიც უკრაინის დასავლელი მეზობელია და რომელსაც მცირე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, რუსეთთან ურთიერთობა უკრაინის მხარდაჭერის გამო კიდევ უფრო დაეძაბა.
რუსეთს დნესტრისპირეთში, მოლდოვის სეპარატისტულ სახელმწიფოში თავისი ჯარები ჰყავს. დნესტრისპირეთი, კრემლის მხარდაჭერით სამი ათეული წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ავტონომიას.