მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. პარლამენტმა თარიღზე გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო.
არჩენების შედეგებმა შეიძლება შეამციროს პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია PAS-ის მანდატების რაოდენობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
სანდუს მთავარი კონკურენტი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეს, ალექსანდრ სტოიანგლოს კოალიცია იქნება, რომელიც 3 პარტიას აერთიანებს.
სტოიანგლო მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და მაია სანდუსთან მეორე ტურში დამარცხდა.
2024 წლის 20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდა. ამომრჩეველთა უმეტესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის გაწევრებას ევროკავშირში.
მოლდოვაში რუსეთი მიმართავს პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის იმავე მეთოდებს, რასაც საქართველოში.
მაია სანდუსა და მის პროევროპულ მთავრობას რუსეთი ბიზნესმენ ილან შორის და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელით ებრძვის. ილან შორი ახლა მოლდოვიდან გაქცეულია და თავს ისრაელს აფარებს, თუმცა, მოლდოვაში პროსუსული აქტივობების დაფინანსებას აგრძელებს.
პრორუსი პოლიტიკოსები მოლდოვაში ამბობენ, რომ „მოლდოვა უნდა იყოს დამოუკიდებელი და დაიცვას სუვერენიტეტი“. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ სურთ, „საქართველოს მსგავსად მიიღონ აგენტების კანონი“.
კრემლის ერთ-ერთი მესიჯია, რომ მაია სანდუ უდრის ომს მოლდოვაში და რომ სანდუ მოლდოვას უკრაინის გზით წაიყვანს.
ასევე, მიმართავენ ჰომოფობიურ კამპანიას პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამის განცხადებებს სწორედ იგორ დოდონი ავრცელებს.