მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა — რა ხდება 

პუბლიკა

მოლდოვაში  საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნებში ლიდერი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუა.

ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 97.43%. ამ დროისთვის სანდუმ ხმების 41.76% მიიღო.

სანდუს შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანგლომ – 26.33%.

ალექსანდრ სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილს რენატო უსატიი იკავებს. ის მეორედ ცდილობს, დაიკავოს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა. 2020 წელს მან ხმები 16.9% მიიღო, წელს – 13,72%.

2020 წელს უსატიიმ თქვა, რომ მაია სანდუს „ფანი“ არ არის, მაგრამ არ დაუშვებს, იგორ დოდონი მეორე ვადით გახდეს მოლდოვის პრეზიდენტი, ამიტომ მეორე ტურში მხარი სწორედ სანდუს დაუჭირა.

სხვა კანდიდატები ან ღიად პრორუსები არიან, ან – ანტიევროპელები.

ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი ხმების რაოდენობით 50%-ზე მეტს ვერ იღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ის 3 ნოემბერს არის დანიშნული.

რაც შეეხება რეფერენდუმს, მისი კითხვაა: „უჭერთ თუ არა მხარს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?“

დათვლილია ხმების 98.51%

  • შედეგების თანახმად, კითხვას დადებითი პასუხი გასცა არჩევნებში მისულ მოლდოველთა 50.03%-მა; 
  • უარყოფითი პასუხი – 49.97%-მა. 

მოლდოვას, უკრაინასთან ერთად, დაწყებული აქვს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

მაია სანდუმ X-ზე დაწერა, რომ „მოლდოვამ განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როგორც არჩევნების დღეს, ისე – ბოლო თვეებში“.

„კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებთან, თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით, ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით ჩვენი ერის გაურკვევლობისა და არასტაბილურობაში ხაფანგში დასატოვებლად.

ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მიზნად ჰქონდათ 300 000 ხმის მოსყიდვა – უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელებაა“. – თქვა მაია სანდუმ.

BBC-ის თანახმად, მათმა პროდიუსერმა გაიგო, რომ ქალმა ხმის მიცემისა და ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დამკვირვებელს ჰკითხა, სად მიიღებდა ფულს.

BBC-მ მას ჰკითხა, შესთავაზეს თუ არა ფული ხმის სანაცვლოდ, რაზეც ქალმა დადებითი პასუხა გასცა. მედია წერს, რომ ის გაბრაზებული იყო, ვინაიდან კაცმა, რომელიც მას ხმის სანაცვლოდ ფულს დაჰპირდა, მოატყუა და ახლა მის სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

მოლდოვაში რუსეთი მიმართავს პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის იმავე მეთოდებს, რასაც საქართველოში.

მაია სანდუსა და მის პროევროპულ მთავრობას რუსეთი ბიზნესმენ ილან შორის და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელით ებრძვის. ილან შორი ახლა მოლდოვიდან გაქცეულია და თავს ისრაელს აფარებს, თუმცა, მოლდოვაში პროსუსული აქტივობების დაფინანსებას აგრძელებს.

პრორუსი პოლიტიკოსები მოლდოვაში ამბობენ, რომ „მოლდოვა უნდა იყოს დამოუკიდებელი და დაიცვას სუვერენიტეტი“. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ სურთ, „საქართველოს მსგავსად მიიღონ აგენტების კანონი“.

კრემლის ერთ-ერთი მესიჯია, რომ მაია სანდუ უდრის ომს მოლდოვაში და რომ სანდუ მოლდოვას უკრაინის გზით წაიყვანს.

ასევე, მიმართავენ ჰომოფობიურ კამპანიას პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამის განცხადებებს სწორედ იგორ დოდონი ავრცელებს.