მოლდოველთა უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა - დათვლილია ხმების 100%

პუბლიკა

მოლდოვაში, 20 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ბიულეტენების 100% დათვლილია.

სარეფერენდუმო კითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციის ცვლილებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ დადებითად უპასუხა არჩევნებზე მისულ მოლდოველთა 50.46%-მა; უარყოფითად – 49.54%-მა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, ამიტომ მეორე ტური ჩატარდება. მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ პირველი ტურის შედეგების მიხედვით დიდი უპირატესობით ლიდერობს, მან  42.45% მიიღო, სანდუს შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანგლომ ხმების 25.98%  მიიღო.

შედეგებს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყნის „ევროპული მომავალი ახლა კონსტიტუციით იქნება გამაგრებული“.

„ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის“, – დაწერა სანდუმ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 3 ნოემბერს გაიმართება.