მოლდოვის მთავრობა პრორუს ოლიგარქებთან, ილან შორთან და ვლადიმირ პლახატნიუკთან დაკავშირებულ ტელევიზიების დახურავს. გადაწყვეტილება ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის საბჭომ მიიღო.
საბჭომ ლიცენზია გაუუქმა 3 კომპანიას, რომლებიც ფლობენ 5 ტელეკომპანიას: Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.
მთავრობის პრესრელიზის თანახმად, ამ კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნა და მას არ მიაწოდეს სრული ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები წარადგინეს მაშინ, როდესაც ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.
„ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს კომპანიები პლახოტნიუკსა და შორს უკავშირდება”. – აცხადებს მოლდოვის მთავრობა.
ილან შორი მილიარდერი ოლიგარქია, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს და მოლდოვაში პრორუსულ აქციებს და სხვადასხვა აქტივობას აფინანსებს. ილან შორი იდგა 2014 წელს მოლდოვაში განხორციელებული თაღლითობის მიღმა, როდესაც მოდლვოდური ბანკებიდნ $1 მილიარდი გაქრა, ჯამში კი მოლდოვის მაშინდელი მთიანი შიდა პროდუქტის 12%-ის ზარალი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლად ფილატის დაკავება გამოიწვია.
2017 წლის ივნისში ილან შორს დაუსწრებლად მიუსაჯეს 7,5 წლით პატიმრობა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის. 2023 წლის აპრილში მისი სასჯელის ვადა 15 წლამდე გაიზარდა. მისი ფულის დიდი ნაწილი გაყინულია. 2019 წელს ის ისრაელში გაიქცა, 2024 წლიდან კი რუსეთში ცხოვრობს.
ილან შორი აშშ-მა 2022 წელს სანქციები დაუწესა „კორუმპირებულ ოლიგარქებთან და მოსკოვურ ერთეულებთან თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოლდოვაში პოლიტიკური არეულობას იწევენ”. 2023 წელს შორს სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც.
მისი პრორუსული პარტია, Șor Party 2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამ პარტიის მიერ მოწყობილი მრავალთვიანი პროტესტი პროდასავლური მთავრობის და პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. სასამართლოს თანახმად, ეს საპროტესტო გამოსვლები მიზნად ისახავდა მოლდოვაში დესტაბილიზაციას, მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლას პრორუსული მთავრობით. 1 წლის თავზე იმავე სასამრთლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.
რაც შეეხება ვლადიმირ პლახატნიუკს – ისიც ასევე არის სანქცირებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.
პლახატნიუკი იყო „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, მანამდე – ქვეყნის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე იყო პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლამდე, მანამ, სანამ ხელისუფლებას პროდასავლური გუნდი დაიკავებდა, პლახატნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ის მოლდოვის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მოლდვის მართვა პროდასავლურმა ხელისუფლებამ გადაიბარა, პლახატნიუკმა მოლდოვა დატოვა და ახლა თურქეთში ცხოვრობს.