მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ის დატოვებას დაუჭირა მხარი

პუბლიკა

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) დატოვებას. ინიციატივამ 60 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 27 წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

მოლდოვის პარლამენტის განცხადების მიხედვით, დსთ-ის დაფუძნების შესახებ შეთანხმების, მასთან დაკავშირებული ოქმისა და დსთ-ის წესდების გაუქმების შედეგად სახელმწიფო, დაახლოებით, 3.1 მილიონ ლეის დაზოგავს. ეს ის თანხაა, რომელიც დსთ-ის ბიუჯეტში ყოველწლიურად შეჰქონდათ.

„წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები გაგრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკა კვლავ დარჩება დსთ-ის რამდენიმე ხელშეკრულების მხარედ, განსაკუთრებით სავაჭრო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმების გაუქმების ინიციატორი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. უწყება ამტკიცებს, რომ დსთ-ის ის ღირებულება და პრინციპი, რომ წევრი სახელმწიფოები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანაბასა და საზღვრების ხელშეუხებლობას, დაცული არაა.

„ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ის ჩამოყალიბებას, დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიის აქტები საქართველოს წინააღმდეგ და უკანონოდ ინარჩუნებს სამხედრო ძალებს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმებას 1991 წელს მოაწერა ხელი 11-მა ქვეყანამ, მათ შორის, მოლდოვის რესპუბლიკამ.

შეთანხმების მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლისა და დსთ-ის შექმნის დაფიქსირება იყო. 1993 წელს ხელი მოეწერა დსთ-ის წესდებას, რომელმაც თანამეგობრობის პრინციპები დაადგინა.

დღეის მდგომარეობით, მოლდოვას დსთ-სთან არსებული დაახლოებით 70 შეთანხმება აქვს გაუქმებული, რაც ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისა და საკანონმდებლო და ეკონომიკური ჩარჩოს მოდერნიზაციის მიმდინარე პროცესის ნაწილია.