მოლდოვის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილების განკარგულება მიიღო. სანდუმ განკარგულების ასლი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მოლდოვის მოქალაქეებს მიმართა.

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გზა გავუხსენით მოქალაქეებს, რომ მიეცეთ იმის საშუალება აირჩიონ ახალი პარლამენტი, რომელიც ხალხისა და ქვეყნის ინტერესების სამსახურში იქნება. ახლა ძალაუფლება ხალხის ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია და მე მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ სწორ გზას განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე, სადაც ხალხი მშვიდობიანად იცხოვრებს“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვის ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება ბოლო ხანებია მიმდინარეობს. პარლამენტს რუსეთთან მეგობრულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის მომხრეები აკონტროლებენ. მათ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც გადააყენეს, რომ ხელი შეეშალათ პრეზიდენტისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში.