მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პროევროპული პარტია ხმების 50.15%-ით იმარჯვებს

პუბლიკა

დათვლილია ხმების 99.87% – მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმების 50.15%-ით გაიმარჯვა.

მეორე ადგილზეა პრორუსული პარტია „პატრიოტული ბლოკი“ 24.20%-ით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.17%-მა მიიღო მონაწილეობა.

მოლდოვის პარლამენტში 101 ადგილია. მაია სანდუს პარტიას საპარლამენტო უმრავლესობისთვის, შესაბამისად, მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ 51 მანდატი სჭირდებოდა.

არჩევნების შედეგების თანახმად, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ 55 მანდატი აქვს, დოდონის პრორუსულ ბლოკს კი – 26.

მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ისევე, როგორც უკრაინა და საქართველო.

საქართველომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებით ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები, უკრაინის გაწევრებას უნგრეთი ბლოკავს. არ არის გამორიცხული, მოლდოვამ შავი ზღვის რეგიონის ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე ადრე დაიწყოს ევროკავშირში გაწევრების პროცედურები