მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მარია სანდუმ გაიმარჯვა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ოპოზიციის კანდიდატმა, მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. წინასწარი შედეგებით, პროევროპელმა კანდიდატმა მოქმედ პრორუს პრეზიდენტ იგორ დოდონის მეორე ტურში მოუგო.

თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ სანდუმ ხმების 57,7% დააგროვა, ხოლო დოდონიმ 42,2%.

48 წლის მაია სანდუ მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია, რომელიც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს, ის ღიად უჭერს მხარს რუსეთს.

როგორც CNN ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, იგორ დოდონისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია მხარდაჭერა ჰქონდა გამოცხადებული.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან მაია სანდუს გამარჯვება ტვიტერით მიულოცა.

„გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას მოლდოვის არჩეულო პრეზიდენტო. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ერთად ვიმუშავებთ და ევროპისკენ საერთო გზას გავიყვანთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა ტვიტში.

არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ხუთი დღის განმავლობაში გამოცხადდება.