მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი სამართალდამცველებმა 72 საათით დააკავეს, მის სახლში კი ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ მოლდოვურ გამოცემას Deschide-ს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დუმიტრუ რობუ უდასტურებს.
მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის გამოძიება იგორ დოდონს სახელმწიფო ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და დანაშაულებრივი ჯგუფებისგან პოლიტიკური დაფინანსების საქმეში მონაწილეობას ედავება.
გამოცემა წერს, რომ, დოდონის გარდა, დააპატიმრეს მისი სიძე პეტრუ მირიანინუც, რომელიც მტკიცებულების განადგურებას ცდილობდა.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად ყოფილი დეპუტატის, იური რეშიცეს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კადრები დაედო. კადრებში ჩანს, რომ მოლდოვის უმდიდრესი ადამიანი ვლად პლახოტნიუკი მაშინდელ პრეზიდენტს, იგორ დოდონს, რაღაც პაკეტს აწვდის. რეშიცეს მტკიცებით, პაკეტში დიდი თანხა იდო.