მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება - ბიზნესომბუდსმენი

პუბლიკა

სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები. შესაბამისად, რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების/ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა დაგეგმილი.