პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში, რომელიც გიორგი გახარიამ ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს, ძირეული ცვლილება არ იქნება. წულუკიანი ვარაუდობს, რომ შეიცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რომელიც ახალ კაბინეტში წულუკიანის ადგილს დაიკავებს.
„მოლოდინი არსებობს, საფუძვლიანი, რომ პრინციპში ეს მთავრობა იქნება, დაახლოებით, იმავე შემადგენლობით, ვინც იყვნენ ჩემი ყოფილი კოლეგები და, რა თქმა უნდა, ჩვენი კომიტეტისგან იქნება დარგობრივი განხილვა, შესაბამისი მხარდაჭერაც.
მე მხოლოდ დეპუტატი გახლავართ, ამიტომ, ვინ სად დარჩება და იქნება, არ ვიცი, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად იქნება იგივე შემადგენლობა, გარდა, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება იგეგმება და განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა პარტიაში არ ყოფილა.
„არც ერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ საკითხს და ამ ტიპის ან მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა, არ ყოფილა. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება. არ ყოფილა განხილვა და დიდი იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში ჩართული იქნება კიდევ დიდხანს და კითხვას რაც შეეხება, ასეთი საკითხი განხილვაში არ ყოფილა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკიდან ისევ წავა.
აღნიშნული ინფორმაცია გუშინვემ 17 დეკემბერს უარყო ირაკლი კობახიძემ.