საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RTI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსი იქნება.
„ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს გადაცემაში ჰკითხეს, რომ ევროკავშირი ,,ქართული ოცნების“ მთავრობისგან ელოდება, შეაჩეროს რუსეთის მიმართ ევროპული სანქციების გვერდის ავლა, პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაცია – „ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს ამგვარი ძალებისგან?“
„დიახ. დიახ და ჩვენ შევდივართ ამ ფაზაში. ვფიქრობ, ეს იყო გათვალისწინებული კომისიაში გადაწყვეტილებების მიმღებების მიერ. წინასაარჩევნო ფაზაში ვართ, 2024 წელი იქნება დიდი საარჩევნო წელი, არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. სტატუსი, რომელსაც იმედია დეკემბერში მივიღებთ, მოტივაციას მისცემს მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ აიღონ ჩემოდნები და ემიგრაციაში წავიდნენ, რაც მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმედგაცრუების რისკია, რადგან ფიქრობენ, რომ არაფრის იმედი აღარაა. ახლა იმედი დაბრუნდა, ჩვენ მოვემზადებით და საჭიროა, რომ ევროპამ ახლოდან ადევნოს თვალყური დამკვირვებლებით, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩართულობით, მათ შორის ეკონომიკური, რადგან ყველამ იგრძნოს, რომ არ ვართ მარტო ამ საარჩევნო წელს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ბოლო დღეებსა და კვირებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში ხელისუფლების ენა შეიცვალა.