მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ვაკის პარკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მისი თქმით, ვაკის პარკში სამუშაოები დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტუქტურა. მისი თქმით, ვაკის პარკსა და კასკადს შეუნარჩუნდება პირვანდელი სახე.

„მსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას.

ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებოთმცედნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ  „სი ბი ეს სტუდიოზმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიძლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, მაგასაც დავუბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება“ – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ასევე მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი იქნება, ასევე კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი.