პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს რეგულაციაზე, რომელიც ავტომობილებს „ევრო 5-ის“ სტანდარტს დაუწესებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ შეიზღუდება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5-ის“ სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.
ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ახალი რეგულაცია არ შეზღუდავს ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე ტრანზიტისა და რეექსპორტისთვის განკუთვნილ მანქანებს.
„ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არცერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც „ევრო 5-ის“ სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია, ეს სტანდარტია დაწესებული.
კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არცერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილებზე, რომლებსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, – განაცხადა პრემიერმა.