საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების გამოვლენა.
„ბათუმის „დონას“ კლასტერი იმდენად გაფართოვდა, რომ მათ კიდევ თავიანთი კონტაქტები ეყოლებოდათ და მოკლე პერიოდში ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების გამოვლენა. მთავარია ის, რომ ტესტირების შესაძლებლობა არსებობს. ყველა პირი, ვინც ეჭვს შეიტანს იმაში, რომ შესაძლოა, კორონავირუსთან ჰქონდეს საქმე, მოვიდეს ამბულატორიაში და ჩაიტაროს ტესტირება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.