უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთმა უარი თქვა, ეპასუხა მათთვის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე, რომ მიეცათ მათთვის ინფორმაცია უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე წვრთნაზე. ამიტომ, კულებას თქმით, უკრაინა მოიწვევს შეხვედრას, რომელზეც რუსეთის დასწრებას მოითხოვს.
„მომდევნო 48 საათის განმავლობაში ჩვენ მოვიწვევთ შეხვედრას რუსეთის ფედერაციასა და [ეუთოს] ყველა სახელმწიფოსთან ერთად, რათა განვიხილოთ უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ჯარების გადაადგილება.
თუკი რუსეთი, მართლაც, სერიოზულად ეკიდება თავის სიტყვებს ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების განუყოფლობაზე, მაშინ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სამხედრო გამჭვირვალობაზე, რათა შემცირდეს დაძაბულობა და გაიზარდოს ყველა მონაწილე ქვეყნის უსაფრთხოება“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
ეუთოს ფარგლებში შექმნილი ვენის დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს სამხედრო აქტივობაზე ინფორმაციის მიწოდება უკრაინამ 11 თებერვალს მოსთხოვა. დმიტრო კულება წერდა, რომ მათ დოკუმენტის მესამე პარაგრაფი – რისკის შემცირების მექანიზმი გაააქტიურეს და მოითხოვეს რუსეთისგან, რომ უკრაინას მიაწოდოს დეტალური განმარტება დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი შეიარაღების შესახებ.
კულება წერდა, რომ რუსეთს უნდა გაეკეთებინა დეტალური განმარტება თავმოყრილი სამხედრო ინფრასტრუქტურის, წვრთნისთვის გამოყოფილი ადგილმდებარეობისა და დროის შესახებ, ასევე – გამოყენებული სამხედრო შეიარაღების, წვრთნის ტიპისა და სწავლებაში მონაწილე ჯგუფების შესახებ.
რუსეთს 48-საათიანი ვადა ჰქონდა, რომ უკრაინის მოთხოვნისთვის ეპასუხა, თუმცა, როგორც კულება წერს, მოსკოვმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა, უკრაინა კი ახლა ამ საკითხების განხილვას სხვა სახელმწიფოებთან ერთად ეუთოს ეგიდით მოითხოვს.