მომდევნო დღეები ყველაზე სახიფათოა ისეთი კრიზისის დასაწყებად, როგორიც ევროპას არ უნახავს ათობით წელია - ჯონსონი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მომდევნო დღეები შეიძლება იყოს ყველაზე სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის ისეთი კრიზისის გასაჩენად, როგორიც არ შექმნილა უკვე ათობით წელია.

ბორის ჯონსონი, რომელიც ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება, ვარაუდობს, რომ მოსკოვში ჯერჯერობით არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, შეიჭრან თუ არა კიდევ ერთხელ უკრაინაში, თუმცა ამბობს, რომ ომის წამოწყება მასშტაბურ კრიზისს გამოიწვევს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია, მომდევნო დღეებშივე არ მოხდეს რაღაც კატასტროფა. ვშიშობ, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ საკითხზე ჯერ კიდევ ბუნდოვანია“, – განაცხადა ჯონსონმა სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთში განიხილება როგორც სანქციები, ისე სამხედრო გადაწყვეტის გზა და დიპლომატია.

„ეს, სავარაუდოდ, არის ყველაზე სახიფათო მომენტი, ვგულისხმობ მომდევნო დღეებს, რომ ევროპას შეიძლება მოუწიოს ისეთ კრიზისთან გამკლავება უსაფრთხოების კონტექსტში, რაც არ უნახავს ათობით წელია და ჩვენ სათანადო გადაწყვეტა უნდა მოვუძებნოთ მას. ვფიქრობ, მაგიდაზეა სანქციების, სამხედრო გადაწყვეტის და დიპლომატიის კომბინაცია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.