თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში გააკრეს სტიკერები – „ვაჟა ექიმი გმირია“. ამით აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებენ.
ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ცუდად გახდა, რომელიც პოლიციასა და დაცვას კუხიანიძის ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავდათ.
ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან მივიდა საკრებულოს უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჩაკვეტაძე. ის ამბობს, რომ თავი ვალდებულად იგრძნო, შემთხვევის ადგილზე მისულიყო.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძე ამბობს, აქტივისტები ხელოვნურად ცდილობენ დაძაბულობის შექმნას და ამის საფუძველი არ არსებობს.
„ისინი ცდოლობენ 10 -15 ადამიანით შექმნან მაქსიმალური დაძაბულობა. რეალურად დაძაბულობა არ არსებობს, რადგან ჩვენ გვქონდა ფრაქციის სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით. მომდევნო დღეებში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და აუცილებლად იქნება დამატებითი განცხადებები. მთელი გუნდი ემიჯნება მის ამ კონკრეტულ განცხადებას“, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.
საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.