მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქში არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ გარემოს დაცვის სტანდარტები მაღალ დონეზე არ არის დაცული.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს, დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს“, – განაცხადა მან.

კალაძის თქმით, დაწყებულია თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.