მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ - ზარქუა ომბუდსმენს

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2020 წლის ანგარიშს წარადგენს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ომბუდსმენი ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებს.

„თქვენ სწორად აღნიშნეთ ადამიანის უფლებებზე, ჟურნალისტიკაზე, მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზეა ესა თუ ის არხი, ჟურნალისტი ხელშეუხებელია, მაგრამ დღეს ახსენა ბატონმა ნოდარმა, ნათია ბერიძე „POSTV“-ის ჟურნალისტს წლების განმავლობაში ბულინგით კი არა, ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ მას და მის 10 წლის შვილს. თქვენ არც მოგიკითხავთ ეს თემა. ფსიქოლოგთან დადიოდნენ, არც გაგხსენებიათ. ამაზე ვთქვი, ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს.

ისევე როგორც ჯერ კიდევ მიშელმა შენიშნა ეს თემა, რომ 19-21 ივნისს ჰყავს ორივე მხარეს როგორც დაზარალებულები, ასევე პოტენციური დამნაშავეებიo. თქვენ ერთ მხარეს ამბობთ და სწორიც არის – დაირღვა იქ შეიძლება მომიტინგეების გარკვეული ჯგუფის უფლებები, თქვენ რომ პოლიციელებზეც გეთქვათ რამდენიმე სიტყვა, ეს ხომ უფრო სამართლიანს გაგხდიდათ…

მაგალითად, მაინტერესებს ქონებრივი უფლებები, რომლებიც წლების განმავლობაში ირღვეოდა. მაინტერესებს, 2014 წლიდან გაუმჯობესდა თუ პირიქით, უარყოფითი ტენდენცია გვაქვს, ამაზე რომ ერთი-ორი სიტყვა გეთქვათ…

თუმცა თქვენ გამონახეთ დრო და თქვენმა ინსტიტუციამ, ილიჩოვა-მელაშვილის პროცესი, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, თქვით, რომ უდანაშაულოები არიან. ჯერ დაგეცადათ, იქნება ამართლებს ის სასამართლო და მერე მოგცემოდათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მე ამიტომ ვთქვი, მომეჩვენა, ცოტა მიკერძოებული და ტენდენციური ხომ არ არის-მეთქი. მაშინ სხვებზეც გააკეთეთ, სხვა პროცესებზე, თუ ეს თქვენი მანდატია.

თქვენი შეშფოთება ვერ დავინახე იმ კაცზე, ურნა რომ ჩამოამხეს. რაღაც მარაზმი იყო. ჩემთვის არის გაუგებარი. მომეჩვენა, რომ რაღაც მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი. ასევე – სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.