მომღერალ ბაბი კირკიტაძეს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხავენ

პუბლიკა

მომღერალი ბაბი კირკიტაძე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. მომღერალმა და ტელეწამყვანმა გუშინ დაწერა, რომ ინტერნეტსივრცეში მის შესახებ დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი ვრცელდება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს. პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის. ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში „სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს, “- წერს მომღერალი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ამ განცხადების შემდეგ მომღერალს დაუკავშირდა გამომძიებელი და დამატებითი ინფორმაციის მისაღებდა უწყებაში დაიბარა. სავარაუდოდ, შაბათს მივა საგამოძიებო სამსახურში მომღერალი.

ამ ამბავს გამოეხმაურა ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. ის წერს, რომ ძალიან მძიმე ამბავია რის შესახებაც მომღერალი წერს.

„ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ. ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული“, – წერს ის.