„მოსალოდნელია ფასების გაზრდა, არა მხოლოდ ქირის გადასახადის გამო, არამედ კიდევ იმიტომ, რომ რეგულაციებმა გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა. შესაბამისად, აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის” ეთერში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამუნა შარაშენიძემ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას ეხება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების ამუშავება მეოთხე ეტაპზე უნდა მოხდეს, რისი სავარაუდო თარიღი კი 8 ივნისიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება კი უკვე იწყება. იმისთვის, რომ მათ საქმიანობის უფლება მიეცეთ, უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს.
კონკრეტულად სილამაზის სალონებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დამტკიცებული არ აქვს. ამიტომ, თამუნა შარაშენიძის თქმით, ამ დაწესებულებებზე პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები ვრცელდება.
შარაშენიძე აცხადებს, რომ სილამაზის სალონებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ამიტომ რეგულაციები საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დაზუსტებას.
„მაგალითად, ნიღბით და ხელთათმანით მომხმარებლის შესვლა, როგორ უნდა მოემსახურონ ნიღბიან მომხმარებელს მაგალითად კოსმეტოლოგები, ვიზაჟისტები, წვერის მოვლისა და მანიკურის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნიუანსია და ბევრი შეკითხვა დაისმის [სალონებისგან]. ასევე დაბნეული არიან, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ძალიან ბუნდოვანია ის საკითხიც, რამდენი ადამიანის ერთად ყოფნა არის შესაძლებელი ერთ სივრცეში. ზოგს 10 კვ.მ. სალონი აქვს და ზოგს კი 200-300 კვ.მ. დიდი ფართის ქირაობა გაცილებით ძვირი ღირს, დამეთანხმებით, და შესაბამისად, 3 ხელოსნით ვერ მოიტან იმდენ შემოსავალს, რომ ამხელა ქირა გადაიხადო. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს”, – ამბობს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.
როგორც ის ამბობს, სალონების მფლობელების/მენეჯერების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისმის. ფედერაციას მონიშნული აქვთ ყველა ეს საკითხი და აქვს სურვილი, რომ ეს მოსაზრებები გაუზიაროს მათ, ვინც აღნიშნულ რეკომენდაციებზე მუშაობს.
„ყველაზე მეტად ადამიანების რაოდენობის დაზუსტება გვინდა, რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანის ერთდროულად ყოფნა იქნება შესაძლებელი. ასევე, საუბარია ძვირადღირებული თერმომეტრების შეძენაზე, რომელიც 300 ლარი ღირს. იგივე დეზობარიერები, რომელიც 200 ლარი ღირს. 3 თვის განმავლობაში დახურული სალონების შემთხვევაში ძალიან რთულია ამხელა ფინანსური დანახაჯების ერთბაშად გაღება. თუმცა, თუ ეს იქნება ისეთი მოთხოვნა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, უნდა შევასრულოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების დაკონკრეტება, რომელთა დაცვის შემთხვევაში მუშაობა შეუძლებელი იქნება”, – ამბობს თამუნა შარაშენიძე.
კითხვაზე – აუვა თუ არა სალონები პირველ ეტაპზე მომსახურების მიღების ყველა მსურველს? – ის პასუხობს, რომ „თუ რეგულაციები მოგვცემს საშუალებას, რომ სრული დატვირთვით ვამუშაოთ ხელოსნები სალონებში, მაშინ ავუვალთ”.