„მონა“, „მოღალატე“ – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სახლებთან.
რუსულ კანონს ხმა საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრმა მისცა. კენჭისყრაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მონაწილეობდა მამუკა მდინარაძე, რომელიც კანონის ავტორი და ინიციატორია.
რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ დეპუტატების სახლებთან საპროტესტო წარწერების დატოვება დაიწყეს.
წარწერა დატოვეს „ქართული ოცნების“ წევრის, დიტო სამხარაძის სახლთან.
ამის შემდეგ პარლამენტის დეპუტატმა, რომელიც სოციალურ ქსელში მუქარით და გინებით გამოირჩევა, დაწერა:
„ჩემთვის საბაბის მოცემა იქნებოდა და შეიძლებოდა? თან სახლში მოკითხვა? რა იდიოტები ხართ ხვდებით ხომ? მერე წუწუნი და ქალოიობა არ დაიწყოთ, რადგან მეც თქვენებურად უნდა მოვიქცე, გიპასუხოთ, ცოტა მწარედ, უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად“, – დაწერა მან.
წარწერა დაუტოვეს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს.
მსგავსი შინაარსის წარწერა დატოვეს „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის“, რესან კონცელიძის სახლთანაც.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ მოქალაქეები პარიზის აეროპორტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს პროტესტით შეხვდნენ. ელისო ბოლქვაძემ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და მოქალაქეებს „გამოჭენებით“ დაემუქრა. ამის შემდეგ წარწერები დატოვეს ელისო ბოლქვაძის სახლთანაც.
წარწერა დაუტოვეს „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ წევრს, დაჩი ბერაიას.
წუხანდელიდან მოყოლებული მოქალაქეების სახლებთან, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებენ.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ წარწერებს ნიღბიანი პირები ტოვებდნენ. იგივე ხდებოდა მაისის დასაწყისში. ამ მეთოდს ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები ხელისუფლების კრიტიკოსებისა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დასაშინებლად და გასაჩუმებლად იყენებენ.
ასევე განახლდა მუქარის შემცველი ზარებიც. ეს საქმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პროკურატურას გადასცა, თუმცა პროკურატურას გამოძიება ჯერჯერობით არ დაუწყია.