მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელ მონიტორინგში პირველად გამოჩნდა ქვეყანაში B ტიპის გრიპის ცირკულაცია. ვინაიდან რესპირაციული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან ყველა პრევენციული ზომა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება.

„იცით, ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსისა და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში და პირველად გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა რომ B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპიც. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილბას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო.

ამაზე ბევრი ვერსია არსებობს. მათ შორის, ისიც, რომ მოსახლეობა მიეჩვია პრევენციული ღონისძიებების დაცვას. მაგალითად პირბადის ტარებას. უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, შესაძლებელია და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი შეიძლება ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ დღეს მოსახლეობისთვის ორი გზავნილი გაახმაურა. პირველი, – ვინაიდან რესპირაცული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, მნიშვნელოვანია ყველა პრევენციული ზომის დაცვა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება

„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერი-იანვარი-თებერვალი ყველგან აუცილებელია პირბადი ტარება. ის დაგიცავთ გრიპისგან, დაგიცავთ კოვიდისგან. თუ დღეს ჩვენ 65% გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენელი, თუ ავიყვანთ 95% -ზე სერიოზულად შემცირდება ახალი შემთხვევების რაოდენობა და ვიქნებით დაცული გრიპისგანაც“, – განმარტავს გამყრელიძე.

მეორე გზავნილი კი გრიპის ვაქცინას უკავშირდება. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია და მან ორსულებსა და სხვა რისკჯგუფებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და გრიპის ვირუსის ვაქცინა გაიკეთონ.

„ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რაც გვაქვს. სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია და მიბრძანდნენ ისინი, ვინც არიან რისკჯგუფებში… ასევე, ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი ინფორმაცია გრიპის ვაქცინისა და რისკჯგუფების შესახებ იხილეთ ბმულზე.