„მოპარული ხელფასის გამომთვლელი” – ასე ჰქვია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ შექმნილ ონლაინკალკულატორს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, გპარავთ თუ არა თქვენი დამსაქმებელი ხელფასს.
„მოპარული ხელფასის გამომთვლელის” შექმნის საჭიროება საქართველოში დასაქმებულთათვის კუთვნილი ანაზღაურების „მოპარვის“ გავრცელებულმა პრაქტიკამ განაპირობა…
ჩვენი მოპარული ხელფასის გამომთვლელი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მოპარული ხელფასის მნიშვნელობის დადგენასა და გამოანგარიშებაში, თუ რამდენ თანხას შეიძლება კარგავდეთ. გამომთვლელი დაგისვამთ მარტივ შეკითხვებს, რასაც 5-დან 10 წუთამდე დასჭირდება. შეკითხვებზე პასუხის შემდეგ გამომთვლელი დაახლოებით დაიანგარიშებს თანხას, რომელიც დამსაქმებელმა თქვენი კუთვნილი ანაზღაურებიდან მიითვისა”, – აცხადებენ პლატფორმაში.
რა არის „მოპარული ხელფასი“?
ხელფასის მოპარვა ხდება, როცა დასაქმებულს კანონით კუთვნილ ხელფასს არ უხდიან. აღნიშნული მოიცავს სხვადასხვა სახის დარღვევას, მათ შორის:
► აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა;
► არასამუშაო საათებში შრომა;
► გადაუხდელი ფეხის ქირა/ჩაი;
► გადაუხდელი საბოლოო ანაზღაურება;
► ხელფასის უკანონო დაქვითვა;
► და ბევრი სხვა რამ.
„მოპარული ხელფასი“ შეიძლება თქვენს წარმოდგენაში „დანაშაულთან” არ ასოცირდებოდეს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (EPI) 2017 წლის კვლევით დადგინდა, რომ მხოლოდ 10 შტატში დასაქმებულები წელიწადში ჯამურად 8 მილიარდ დოლარს კარგავდნენ სწორედ ე.წ. „მოპარული ხელფასის” გამო.
კვლევამ აჩვენა, რომ დამსაქმებლის მიერ „ხელფასის მოპარვა” საქართველოშიც გავრცელებულია, თუმცა კვლევა საკმაოდ შეზღუდულ პირობებში ჩატარდა, ამიტომ არავინ იცის სინამდვილეში მოპარული ხელფასის მასშტაბები”, – აცხადებს „ღირსეული შრომის პლატფორმა”.