მოქალაქე აცხადებს, რომ „გირჩის” აქტივისტი არ არის, არც მათ აქციაში მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ ის იპოდრომიდან განყოფილებაში მაინც გადაიყვანა და საგანგებო მდგომარეობის დროს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო, 3000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ის აცხადებს, იპოდრომთან ახლოს ცხოვრობს და ყოველდღე იქ სეირნობს ხოლმე.
„იპოდრომზე რომ ვიყავი, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ თქვენი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთო. მე ვუთხარი, რომ პირადობა მქონდა და შეეძლოთ, ენახათ, მაგრამ მითხრეს, რომ განყოფლებაში უნდა წამოვეყვანე და მითხრეს, რომ აქციაში იღებდი მონაწილეობასო და დამიწერეს ეს ჯარიმა.
არა [აქციაში არ ვიღებდი მონაწილეობას], ვსეირნობ ყოველდღე, ხან ველოსიპედით, ხან ფეხით. ესენიც იპოდრომზე იყვნენ და მეც იპოდრომზე ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი. ყოველდღე იქ ვარ”, – აცხადებს მოქალაქე.
„გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა!“ – დღეს პარტია „გირჩმა“, ამ მოთხოვნით, იპოდრომზე აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
3000 ლარით დააჯარიმეს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
აქციის რამდენიმე მონაწილე კი სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. „პუბლიკა“ შსს-დან დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება.