მოქალაქე ამბობს, რომ მანქანის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა

პუბლიკა

მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ მანქანის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა. მისთვის გაუგებარია, საიდან აღმოჩნდა ეს ნიშნები მის სარგებლობაში მყოფ მანქანაში.

ის ამბობს, რომ ავტომობილს ორი წელია იყენებს, ნაქირავები ჰყავს. მესაკუთრე არ არის, თუმცა, როგორც ამბობს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ის სარგებლობდა ავტომანქანით.

გიორგი ჭიბოშვილი ჰყვება, რომ ამ დილით მანქანის საბარგულში რუსულენოვან გაზეთში გახვეული 11 ცალი რუსული სანომრე ნიშნები იპოვა.

მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა. მედიის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ადგილზე მისულია პოლიცია და სწავლობს საქმის დეტალებს. მანქანაც და მიწაზე დალაგებული სანომრე ნიშნებიც პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

„დილით რომ გამოვედი მანქანის საბურავი იყო დაშვებული. ამის გამო მივედი საბარგულთან რომ ამომეღო „დანგრატი“. დამხვდა რუსულ გაზეთში გახვეული თერთმეტი წყვილი სანომრე ნიშანი. მაშინვე დავწერე Facebook-ზე, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ჩადებები როგორ არ გამიგია, მაგრამ რუსული სანომრე ნიშნების ჩადება აღარ გამიგია”, – ჰყვება ის.

მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ასევე ამბობს, რომ ის პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეა, ყველა საპროტესტო აქციას ესწრებოდა. ამიტომ ვარაუდს გამოთქვამს, რომ შეიძლება ამასთანაც იყოს დაკავშირებული.

„პუბლიკა“ ცდილობს გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.