მოქალაქე ნატალი ურიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩანთის გამო ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მასზე იძალადეს.
„ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაცაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
ნატალი ურიდიამ ჩვენება მისცა პოლიციის განყოფილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.