მოქალაქე ამბობს, რომ თბილისში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

პუბლიკა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, მან კლინიკაში სეზონური გრიპის აცრაზე ჩაწერა დედა-შვილი და საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ორივეს გაუკეთდა C ვიტამინი.

„ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი. მივყევი ბოლომდე. ჩავრთე მთელი თბილისი. ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს C ვიტამინით. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს. ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ. პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა, ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან. ხალხი აცრა C ვიტამინი“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

ინფორმაციის დასაზუსტებლად და დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ ცდილობს, „გოგელიას კლინიკას“ ფეისბუქგვერდზე მითითებული ტელეფონით დაუკავშირდეს, თუმცა უშედეგოდ. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში კლინიკის გვერდი აღარ იძებნება.

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ შსს-შიც, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარი დღის განმავლობაში გაკეთდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.

  • გოგელიას კლინიკა ვიტამინი C

  • პოლიცია გოგელიას კლინიკა

  • პოლიცია გოგელიას კლინიკაში








  • 01
    /




„გოგელიას კლინიკას“ სოციალურ ქსელში ბოლო საჯარო პოსტი 11 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული.

ამ პოსტით კლინიკა საზოგადოებას ამცნობს, რომ ფრანგული წარმოების ვაქსიგრიპის (4-კომპონენტიანი) გრიპის ვაქცინა 20 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მათივე ცნობით, ვაქცინა მცირე რაოდენობით შემოდის და საჭიროა დაჯავშნა.