გორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს, მოქალაქე ვალერი ტეტუნაშვილი ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ვალერი ტეტუნაშვილი ტვ „პირველთან“ 2020 წლის 17 აპრილს გორის რაიონული სამმართველოს შენობასთან და შენობაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
„ჩამოსვლისას ერთმა პოლიციელმა მომაძახა ესეც დასაჭერიაო. ყურადღება არ მივაქციე, მომიყენა ახლოს მანქანა და თქვენი პირადობაო. ამოვიღე და ვანახე. ეს პირადობა არ არისო. ამოვიღე ჩემი მობილური, გადაღება დავიწყე, რაზეც ეგერვე უხეშად მომმართეს, ეგ ტელეფონი რად გინდა, წაართვითო. პოლიციის შენობაში სანამ გადამიყვანდნენ მანამდე აქვე გამლახეს, გადამიყვანეს თუ არა სამმართველოს წინ გადმომაგდო და ფიზიკურად გამისწორდა. სამმართველოს წინაც და შიგნით სამორიგეოშიც მცემდა. კადრების თვალწინ ნუ ურტყავო, ორჯერ დამახეთქა თავით და იქ ცოტა გონება დავკარგე. ერთი პოლიციელი მირტყავდა და ორი იჭერდა ვიდეო კამერებია რას შვებიო.“ – ჰყვება ვალერი ტეტუნაშვილი ტვ „პირველთან“
ვალერი ტეტუნაშვილის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი“ ალექსი მერებიშვილი იცავდა. მისი თქმით, სასამართლომ ტეტუნაშვილი გაამართლა ბრალდებაში, რომლის მიხედვითაც ტეტუნაშვილი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ.
მერაბიშვილის თქმით, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის გამოძიების მოთხოვნით მათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართეს. ინსპექტორის სამსახურმა მალევე გამოითხოვა კადრები გორის სამმართველოს შენობიდან, თუმცა როგორც მერებიშვილი ამბობს გორის სამმართველომ ინსპექტორს კადრების მიწოდებაზე უარი უთხრა.
„ინსპექტორს მივამართეთ, გამოითხოვეს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან კადრები და სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე რომ დაფიქსირებულია ძალადობა ამ კადრებზე, გორის რაიონულმა სამმართველომ განაცხადა, რომ ეს კადრები არ არსებობს.“ – ამბობს ტვ „პირველთან“ ალექსი მერებიშვილი.