მოქალაქე დავით კილაძე აცხადებს, რომ მას ხაშურში, ქუჩაში პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, ბაზრიდან გამოდიოდა, პირბადე არ ეკეთა, რა დროსაც მასთან პოლიცია მივიდა და კონფლიქტიც დაიწყო.
„გადავდივარ და 4 კაცი უკნიდან ზურგზე მახტება, სახით მაგდებენ, ტუჩი გამიხეთქეს… დამადეს ხელბორკილი უკან და ყვიროდა ეს ოცმეთაური, ბოლომდე მოუჭირეთო. 3 ეკიპაჟი იყო. მაჭერდა წიხლს და მირტყამდა ყველა წუთას, რამდენიც სახეს ავწევდი… ხალხი შეგროვდა, ბევრი თვითმხილველია, მიდის გამოკითხვა… დაზიანებები მაქვს ხელზე, ასფალტზე ხოხიალის დროს, [ბიცეფსის] კუნთზეც დალურჯება მაქვს“, – იხსნებს შემთხვევის შესახებ დავით კილაძე „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრისას.
დავით კილაძე ამბობს, რომ სამედიცინო შემოწმებისთვის გორში გადაიყვანეს. ის იმ ადამიანთა დასჯას მოითხოვს, ვისგანაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დაკავებული დ.კ.-ს მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა” „ბ” „ე” და „,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოკითხა დ.კ. და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს“, – განგვიცხადეს უწყებაში.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ა) მოხელის ან მასთან გათანამბრებული პირის მიერ; ბ) სანსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით; ე) ჯგუფურად; ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ხუთ წლამდე ვადით ან უამისოდ.