მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიიმართ პროტესტი გამოხატა, ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

წიწიკაშვილი „პუბლიკას” უყვება, რომ მმართველი პარტიის დეპუტატს, რომელმაც რუსული კანონს მხარი დაუჭირა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ივნისის დილას შემთხვევით შეხვდა, მაშინ, როცა თავადაც საზღვარგარეთ უნდა გაფრენილიყო.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ის და მისი მეგობარი, ირინა გურგენაშვილი რეისიდან მოხსნეს, პასპორტები ჩამოართვეს და თავისუფლება შეუზღუდეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც მარიამი ამბობს, მის მეგობარს „ერთი სიტყვაც არ უთქვამს”.

„დაახლოებით 1 საათი არ ვიცოდი, რა ხდებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიეთ. ვეუბნებოდით, დროზე დაებრუნებინათ პასპორტები. იურისტმა მითხრა, რომ ოქმის შედეგნის შემდეგ უნდა გავეშვით და დაკავების უფლება არ ჰქონდათ. 1 საათის შემდეგ გვითხრეს, რომ დაგვაკავეს”. – ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, მას და მის მეგობარს ეკითხებოდნენ მათი სამუშაო ადგილის შესახებ.

„ჩემთვის არავის უკითხავს, რა მოხდა. ის ვიდეო, რომელიც გამოვაქვეყნეთ, თავადვე ვაჩვენეთ პოლიციას. ვეუბნებოდით, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ხდებოდა, ხოლო კანონდარღვევა არ მომხდარა.

შემდეგ შეავსეს ოქმები და წამიყვანეს სასამართლოში. წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადავუყვანივარ. სასამართლოში პოლიციელმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიე და არა ვიქტორ ჯაფარიძემ, არამედ რამდენიმე სხვა მგზავრმა დააფიქსირა საჩივარი. რა თქმა უნდა, ასეთი სხვა მგზავრი არავინ ყოფილა”. – ყვება მარიამ წიწიკაშვილი.

მან და მისმა მეგობარმა საზღვარგარეთ გაფრენა დღეს მაინც მოახერხეს. ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი 19 ივნისს დაინიშნა.

მარიამ წიწიკაშვილის თქმით, სასამართლოზე იმავე ვიდეოს წარადგენს, რაც ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

„თანაბრად მაქვს როგორც დაჯარიმების, ისე – 15-დღიანი პატიმრობის მოლოდინი”. – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

მარიამ წიწიკაშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბარში თავის ვინაობას არ მალავას, ეუბნება სახელს და გვარს და ასევე ამბობს, რომ არის ემიგრანტი ქალის შვილი და დედით ოსი.

ამის პასუხად „ხალხის ძალის” დეპუტატმა მას რამდენჯერმე უთხრა: „გეტყობა, გეტყობა”.

წიწიკაშვილი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მკვლევარია. ორგანიზაცია მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა და მიუთითა, რომ „დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების გამოხატვის წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და არის მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი”.