სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა.
მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატის თქმით, მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და ის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რის გამოც გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიიმართ პროტესტი გამოხატა, ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 9 ივნისს დააკავეს.
მისი თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატს, რომელმაც რუსული კანონს მხარი დაუჭირა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ივნისის დილას შემთხვევით შეხვდა, მაშინ, როცა თავადაც საზღვარგარეთ უნდა გაფრენილიყო.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ის და მისი მეგობარი, ირინა გურგენაშვილი რეისიდან მოხსნეს, პასპორტები ჩამოართვეს და თავისუფლება შეუზღუდეს მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მარიამი ამბობს, მის მეგობარს „ერთი სიტყვაც არ უთქვამს“.
მარიამ წიწიკაშვილის მიმართვები ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა.
ის რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მიმართავდა, რომ მისმა ამ ქმედებამ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხარა, ამიტომ, მას უნდა რცხვენოდეს და რომ მან ხელი მოაწერა მოღალატეობას.
მარიამ წიწიკაშვილი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მკვლევარია. ორგანიზაცია მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა და მიუთითა, რომ „დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების გამოხატვის წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და არის მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი”.
ორგანიზაციამ მისი დაკავება ანგარიშსწორებადაც შეაფასა.