მოქალაქე მიხეილ სახვაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და ბებიის დღის ოფიციალურად დაწესების იდეა აქვს. მას ამ დღის საუკეთესო თარიღად 17 სექტემბერი მიაჩნია.
მოქალაქე წერილში აღნიშნავს, რომ მუშაობს ტელეკომპანია „პოსტივიში“ სცენარისტად. ასევე, არის საავტორო რუბრიკა „მამების დროს“ (რადიო „იმედი“) თანაავტორი და თანაწამყვანი, რომელიც მამებისა და შვილების განსაკუთრებულ ურთიერთობებს ეხება.
თუ რატომ 17 სექტემებერი, წინადადების ავტორს ამგვარი არგუმენტაცია აქვს:
- „1906 წლის 17 სექტემბერს არის დაბადებული გენიალური ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;
- დამეთანხმებით, სწორედ სესილია თაყაიშვილმა შექმნა ქართულ კინოში ბებიის დაუვიწყარი სახეები: „მე, ილიკო და ილარიონში“ – ოლღა ბებია, „ნატვრის ხეში“ – მარადია;
- ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“, – წერს ის.
როგორც წინადადების ავტორი წერს, პირველად მსოფლიოში ბებიის დღე პოლონეთში აღინიშნა 1964 წელს. შემდეგ უკვე ეს დღე აშშ-ს უკავშირდება – 1978 წლიდან დღესასწაულმა ეროვნული ხასიათი მიიღო.
„აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მიერ ხელმოწერილ სტატუტში დღესასწაულის მიზანი შემდეგნაირად არის განმარტებული: „პატივი მივაგოთ ბებიებსა და ბაბუებს; მივცეთ ბებიებსა და ბაბუებს შესაძლებლობა, გამოავლინონ სიყვარული თავიანთი შვილების მიმართ და დავეხმაროთ შვილებს, გაიზიარონ ხანდაზმულთა ძალა, ინფორმაცია მათ შესახებ, გამოცდილება“…
ბებიისა და ბაბუის დღეს ყველა ქვეყანაში ერთმანეთის მსგავსი 3 მიზანი აქვს:
- ბებიებისა და ბაბუებისთვის პატივის მიგება;
- მიეცეთ ბებიებსა და ბაბუებს შესაძლებლობა, გამოავლინონ სიყვარული თავიანთი შვილების მიმართ
- შეძლონ შვილებმა და შვილიშვილებმა, გაიაზრონ ხანდაზმულთა ძალა, ინფორმაცია მათ შესახებ და ასევე, გამოცდილება“…
დღეის მდგომარეობით, ბებიისა და ბაბუის დღე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. უფრო მეტიც, საფრანგეთსა და არგენტინაში წლის მანძილზე ბებიებისა და ბაბუების დღე სამჯერ აღინიშნება, სადაც კალენდარზე მონიშნულია ცალკე ბებიის, ცალკე – ბაბუისა და მესამედ უკვე ერთად – ბებიისა და ბაბუის დღეები.
- საფრანგეთში აღინიშნება 1987 წლიდან, ყოველი წლის 7 მარტს (ბებიის დღე);
- პოლონეთში 1964 წლიდან – 21 იანვარს (ბებიის დღე);
- ავსტრალიაში 2010 წლიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს (ბებია-ბაბუის დღე);
- იტალია – 2 ოქტომბერი (ბებიის დღე);
ასევე აღნიშნავენ: კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პუერტო-რიკოში, ესტონეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…“, – წერია საკანონმდებლო წინადადებაში.
პარლამენტის რეგლამენტით, საკანონმდებლო ინიციატივა [კანონპროექტი] და საკანონმდებლო წინადადება ორი სხვადასხვა ტიპის პროექტია. კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვს – მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს.
მოქალაქეები კი საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლებით სარგებლობენ, რა შემთხვევაშიც საკითხის განხილვა სხვა პროცედურით მიმდინარეობს.
რეგლამენტის მიხედვით, თუ კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს.