მოქალაქე წერს, რომ ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლომ მის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა

პუბლიკა

პროტესტის მონაწილე გიორგი წულაია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. გიორგი წულაიას შსს 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

როგორც გიორგი წულაია „პუბლიკას“ ეუბნება, მისი პროცესი 29 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო, დღეს კი სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ წარმოება შეწყდა.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რა გახდა საქმის შეწყვეტის საფუძველი, აღნიშნა რომ:

„დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ზეპირად განიხილა მოსამართლემ და თქვენი საქმის წარმოება შეწყდაო. თანაშემწეს არ უთქვამს [შეწყვეტის არგუმენტები], ჩაგაბარებთ საქმის დადგენილებასო და უნდა ჩამაბარონ იმ კვირაში.“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საქმის წარმოების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველს ითვალისწინებს, მათ შორისაა: თუ სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს, თუ პირს ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის მომენტში არ შესრულებია 16 წელი, თუ პირი შეურაცხია, მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თუ დარღვეულია ვადები, გაუქმებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი და სხვა.

„ტროტუარზე დგომის“ საქმის ფარგლებში შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება ათობით მოქალაქის მიმართ დაიწყო. საქმეების ნაწილის განხილვა სასამართლომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და იანვრისთვის გადადო.

მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.