მოქალაქეები ამბობენ, რომ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იბარებენ 

პუბლიკა

მოქალაქეები ამბობენ, რომ კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ.

დაბარებულთა შორის არაიან აქტივისტები: მაკუნა გოჩიაშვილი, ანა სუბელიანი და მარიამ კვარაცხელია, ასევე, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა.

მათ უთხრეს, რომ დაიბარეს გამოკითხვაზე მოწმის სახით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 225-ე და 239/1 მუხლებით დაწყებულ საქმეებზე.

საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს 6 დეკემბერს იუსტიციის სახლში გამართულ პროტესტს – აქტივისტები და მოქალაქეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და როგორც თანამშრომლებს, ისე სერვისების მისაღებად მისულ ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ერთად მხოლოდ იუსტიციის სახლში ვიყავით სამოქალაქო პოზიციის გამოსახატად”. – თქვა მარიამ კვარაცხელიამ.

გამოკითვაზე პოლიციაში მისვლას არც ერთი მათგანი არ აპირებს. ისინი თანახმა არიან, ჩვენება მისცენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

მაკუნა გოჩიაშვილმა დაწერა:

„როცა დამირეკა გამომძიებელმა, 225-ე მუხლი ახსენა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მითხრა, მოწმის სტატუსით გიბარებთო. ჩავეკითხე, რომელ შემთხვევას გულისხმობდა – ნიღბოსნები რომ ძალადობდნენ მოქალაქეებზე? – მაგას, რომ მოხვალთ, მერე გეტყვითო. ჩავეკითხე, კონკრეტულად, რომელ დღეს გულისხმობდა. პასუხი – იგივე. შემდეგ დავემშვიდობე და დავპოსტე, რომ რეკომენდაციები მიმეღო”.

ვატო ბჟალავამ „პუბლიკასთან” დაადასტურა, რომ მისი შემთხვევაც გოჩიაშვილის იდენტურია.

განახლება:

21:50 საათზე „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ანი ქავთარაძემაც დაწერა, რომ ისიც დაიბარეს გამოკითხვაზე იმავე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ისიც მაგისტრი მოსამართლის წინაშე გეგმავს ჩვენების მიცემას.

23:25 სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ალბი კორძაია და გიორგი რომელაშვილი.

გარდა ამისა, ტიკტოკერმა თაკო ლოჩოშვილმა თქვა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს მას შემდეგ, რაც მისი ლაივიდან ამოჭრილი მონაკვეთები სამთავრობო-პროპაგანდისტულ ჯგუფში, „ანტი მაიდანში” ჩააგდეს.

„იმედის” ჟურნალისტმა დამირეკა, თქვენ ვიდეო ვნახეთ, სადაც ყვებით, როგორ აზიანებთ თბილისის ინფრასტრუქტურასო. მეუბნება, აღიარებ თუ არაო? მე ვუთხარი, სთორებიც მიდევს, ბარიკადები როგორ კეთდება და სხვა ტელევიზიებშიც კარგად ჩანს ბარიკადების გაკეთება და ყველაფერი. მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დაბარებული ვარ პოსტებთან დაკავშირებით”. – ერს თაკო ლოჩოშვილი.