მოქალაქეები მესიჯის გაგზავნის შემდეგ გამოვლენ სახლიდან - მინისტრი შესაძლო საყოველთაო კარანტინზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა სახლში არ დარჩება და არ დაიცავს რეკომენდაციებს, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს უფრო მკაცრი ზომების მიღება და საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.

„აუცილებელია, რომ დავრჩეთ სახლში და გარეთ გავიდეთ აუცილებელი საჭიროებისას.  სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება, გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი. ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა. ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება და ის ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია  აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით“, – ამბობს ტიკარაძე.

მისი თქმით, მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობაზე მუშაობენ და ეს შესაძლოა აპლიკაციით მოხდეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა აქვს სხვადასხვა ქვეყანას.

ტიკარაძის განცხადებით, თუ 2 კვირაში ქვეყანა ინფიცირებული ადამიანების კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, სავარაუდოდ, გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი.

„ჩვენ გვაქვს გათვლები, რომლებსაც ვეძახით დინამიკურსა და ერთმომენტიანს. საშუალო სიმძიმისთვის ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რაც არ არის სასურველი, რომ იყოს და ცუდი გამოსავლების შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 4 000 დადასტურებული COVID-პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია. ეს არის ერთკომპონმენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ორ კვირაში გვექნება კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული COVID-ინფექცია, იძულებული გავხდებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი “, – ამბობს ტიკარაძე