მოქალაქეები პარლამენტთან „კარვების კანონს" აპროტესტებენ 

პუბლიკა

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები „კარვების კანონის” გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „ტალღას”, „ჯიუტის” და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” წევრები არიან. როგორც ამბობენ, “რუსულ მთავრობას მორიგი რუსული კანონის” მიღების უფლებას არ მისცემენ ისევე, როგორც ეს მარტში მოხდა.

„ქართული ოცნების” კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გუშინ, 4 ოქტომბერს დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით მიიღეს.

„ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, პროტესტის დარჩენილი სივრცეც გაამკაცროს. ეს კანონი ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული კანონის იდენტურია. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს იმ რეჟიმთან აიგივებს”. – თქვა აქტივისტმა ნიკუშა ფარულავამ.

„ქართული ოცნების” კანონპროექტით: 

  • მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
  • შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
  • საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას.

იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს „გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდველს უწოდებენ” და აცხადებენ: „ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით”.