მოქალაქეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ რეგიონულ პრობლემებზე კონცენტრირდნენ 

პუბლიკა

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: „გაიგეთ ჩვენი ხმა”, ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები, მიგრაცია და დაბალი პენსია. აღნიშნული პრობლემები, კოალიციის წევრებს, მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო გამოკითხვებისა და შეხვედრებისა დროს გაუზიარეს.

მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა პოლიტიკოსები განყენებულ საკითხებზე მსჯელობენ, რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩევა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და მედიკამენტების ფასები. სოციალური პრობლემები, რომ საქართველოსთვის უმწვავესი საკითხია დასტურდება სტატისტიკითაც. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველო მწვავე სოციალური მოწყვლადობის წინაშე დგას: 680,833 ადამიანი, მათ შორის 244,699 ბავშვი, სახელმწიფო დახმარებებზეა დამოკიდებული.  

რეგიონებში შეხვედრების დროს, არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ხშირად მათ არჩევანის გაკეთება უწევთ მედიკამენტებისა და საკვების ყიდვას შორის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას პენსიონერებში, რომელთაც გაზრდილი ფასების გამო პენსია თვიდან-თვემდე არათუ საცხოვრებლად, არამედ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არ ყოფნით!  

გურიის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ფინანსურ სირთულეებს, სამუშაოს ნაკლებობასა და არასათანადო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს წინაშე დგანან, რაც ხშირად ხდება, რეგიონებიდან და მერე უკვე ქვეყნიდან მიგრაციის მიზეზი. არსებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან 71,584-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კი მიგრაციული დანაკარგების შედეგად, ქვეყნის მოსახლეობა 264,693-ით შემცირდა.  

“ჩემი სოფელი იცლება. ახლობლები, მეზობლები – თითქმის ყველა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. დაგველაპარაკონ პოლიტიკოსები, რა ეშველება ამ ამბავს?” – ამბობს მამუკა შიდა ქართლიდან, რომელიც თვლის, რომ ძალიან ხშირად, პოლიტიკოსებს მათი ამომრჩევლები აღარ ახსოვთ. 

მნიშვნელოვანია ცალკე გამოიყოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალეების წუხილი, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად საოკუპაციო ძალებთან პირისპირ არიან დარჩენილები და გამოსავალს, რეგიონების სოციო-ეკონომიკურ გაძლიერებაში ხედავენ. 

„პოლიტიკოსები არა რუსეთთან დაახლოებაზე უნდა კონცენტრირდნენ, არამედ სოფლები უნდა გააძლიერონ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარონ“, – განაცხადა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა. 

რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მკაფიოდ გამოხატავენ სურვილს, რომ მმართველობა მეტად ინკლუზიური და ემპათიური იყოს. მათ სურთ მმართველობა, რომელიც ადამიანის საჭიროებებს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ მოემსახურება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წინსვლისა და სტაბილურობისთვის, ევროპული კურსის დაცვა აუცილებელია და მოელიან, რომ პოლიტიკოსები ამ მიმართულების ერთგულები დარჩებიან.

 „ყველაფერი ზედმეტად ცენტრალიზებულია. პოლიტიკოსებმა ხალხს უნდა მოუსმინონ და მეტი ემპათია გამოავლინონ“, – ამბობს კახეთში მცხოვრები მამაკაცი.

 „ჩვენ ძლიერი მეგობარი გვჭირდება, მაგრამ ეს რუსეთი არ არის. სწორედ ევროკავშირი გვაძლევს შანსს, რომ მომავლის იმედით აქ, ჩვენს ქვეყანაში გავჩერდეთ“, – აღნიშნავენ ქალები შიდა ქართლის სოფლიდან. 

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის, წევრი ორგანიზაციის საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, კამპანიის “გაიგეთ ჩვენი ხმა” მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც მოქალაქეების საკუთარი პრობლემების გაჟღერებას შეძლებენ. 

“უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, როდესაც მედიასივრცის დიდი ნაწილი პოლიტიკურ გუნდებს შორის დაპირისპირებას უჭირავს, მოქალაქეებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათი ხმა ჯეროვნად არ არის გაჟღერებული, უჩნდებათ პოლიტიკური საკითხებიდან გარიყულობის შეგრძნება. ამ კამპანიით ჩვენი მიზანია მოქალაქეებს სწორედ ეს სალაპარაკო – საკუთარი ხმის გასაჟღერებელი სივრცე მივცეთ.” – ამბობს რეხვიაშვილი.

იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს უკეთ მიაწვდიდნონ ხმა  კოალიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალური გვერდის მეშვეობით დააფიქსირონ საკუთარ პრობლემები და მიაწვდიდნონ ხმა პოლიტიკურ ჯგუფებს.