თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც, გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, სისტემაში დარეგისტრირებას 7 ივნისიდან შეძლებენ.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.
„უკვე დიდი ხანია, ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისის მომხმარებელი, თუმცა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში 7 ივნისიდან მოქალაქეები შეძლებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.