მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენას პარლამენტთან აპროტესტებენ

პუბლიკა

„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.

„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში“, – აცხადებენ მაისის სამოქალაქო მოძრაობის წევრები.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების, მიმართულებით კერძოდ:

„1. რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისათვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე; 2. შეიზღუდა ევროკავშირიდან რუსეთში მათ შორის საჰაერო, ტექნიკის სათადარიგო ნაწილების და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი; 3. რუსულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ოპერატორებს შეეზღუდათ ევროკავშირში საქმიანობა.

სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას – ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ. ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში – ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ისინი ასევე საზოგადოებას შეახსენებენ, რომ ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს წირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას; უკრაინაში კი დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.


საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.