მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, აღარ განიხილოთ კანონპროექტი - პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს აღარ განიხილოს მათ მიერ გაგზავნილი კანოპროექტი.

თქვენო აღმატებულებავ,

რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

…აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

საუკეთესო სურვილებით,

შალვა პაპუაშვილი

-წერს პარლამენტის  თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტის განხილვის თხოვნით პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გუშინ მიმართა. გუშინდელ წერილში პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.