„მოქალაქეები“ შევთანხმდით საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან - ელისაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმებისთანავე, ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

„ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით პარლამენტის საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამეტურ ცვლილებებზე და იმედი მაქვს, მომეცემა დეტალებზე საუბრის საშუალება, რა პუნქტებია.

ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით;

ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმისმთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ უბნის დახურვისთანავე გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას;

სამი კამერა იქნება. ლაივსტრიმი იქნება ყველა საარჩევნო უბნიდან;

პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე;

ცესკოში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი და არა 3 პარტია, როგორც დღესაა;

ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა გამჭვირვალედ;

ყველაზე მთავარი, ალბათ, კითხვას დამისვამთ, როგორ ენდობით „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ – აი, ამ დოკუმენტში წერია, რაზეც ხელი მოვაწერეთ, ამ საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება უნდა მოხდეს 1 მარტამდე, ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდა 1 მაისამდე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თუ დათქმულ დროს არ მოხდება ცვლილებების ინიცირება, მაშინ ისევ შეწყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას. „ისევე გავალთ, როგორც შემოვედით“, – თქვა მან.

ელისაშვილის თქმით, საუბარია, ასევე, საარჩევნო ბარიერის დაწევისა და თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზეც. „აი, აქ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება“, – თქვა მან.

„ერთ რამეს ვიტყვით გულწრფელად – სამი საკითხი თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ. საარჩევნო საკითხები წამოვიღეთ. ამაზე ვმუშაობთ დიდი ხანია. ორმა დეპუტატმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ.

დანარჩენები… არის 54 კაცი გარეთ და ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ კიდევ ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულ იქნა საარჩევნო რეფორმის, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე სვამდა.

ჟურნალისტებმა ლევან იოსელიანს გიორგი რურუას საკითხზეც ჰკითხეს.

„გიორგი რურუაზეც და სხვა პოლიტპატიმრებზე იცით რომ ძალ-ღონე არ დაგვიკლია არასდროს. დღეს ამ საკითხზე ლაპარაკზე [მდინარაძემ და თალაკვაძემ] განაცხადეს უარი. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ და ეს არის მოლაპარაკების დამსახურება. ჩვენ გავაგრძელეთ მოლაპარაკება. ყველას მოვუწოდებთ, გააგრძელონ მოლაპარაკება“, – განმარტა იოსელიანმა.